ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: ვანო მერაბიშვილის განცხადებას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

იუსტიციის მინისტრის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება, თუმცა, წულუკიანის შეფასებით, მერაბიშვილის დასახელებულმა ყველა უწყებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს.

"ეს ჩემთვის არის სრულიად ახალი ინფორმაცია და ძალიან მიკვირს, წარმოუდგენელიც კი მგონია, რომ ასეთი რამე უნდა მომხდარიყო, თუნდაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რომელიც თვისობრივად სხვა მეთოდებით მუშაობს და მით უმეტეს, მთავარ პროკურორს გამოეყენებინა ამგვარი მეთოდი. მე ეს მიმაჩნია გამორიცხულად. თუმცა, რაკი ეს განცხადება გაკეთდა, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არა ისე, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა - ისინი პირდაპირ ამბობდნენ, ყოველგვარი სერიოზული მიდგომის გარეშე, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა მათ გარდა. მგონია, რომ ეს არის გამორიცხული, თუმცა, რაკი სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ასეთი განცხადება გააკეთა, შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი კომენტარები უნდა გააკეთონ, სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ განცხადებას და გასცენ სერიოზული და დასაბუთებული პასუხი", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიების საკითხი დღის წესრიგში დადგა, საქმეს გამოიძიებს ის უწყება, რომელიც ჩაითვლება, რომ ყველაზე მიუკერძოებელია.

"ვიმეორებ, ეს განცხადება არის წარმოუდგენელი რამ. ამიტომ, უნდა შემოწმდეს და გაეცეს პასუხები სერიოზულად. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ჯერ ვერ გაითავისა ის, რომ ხელისუფლება შეიცვალა და სხვა მეთოდებით მოქმედებს", - დასძინა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.

"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

კომენტარები