მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: ჩვენი საქმე პოლიტიკური ნიშნით ლაშა ნაცვლიშვილმა შეკერა

facebook.com

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისი და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკური ნიშნით ლაშა ნაცვლიშვილმა შეკერა. ჭიაბერაშვილის თქმითვე, წინა კვირაში გამართულ სხდომაზე, მოწმე რამაზ სულამანიძემ დაადასტურა, რომ მისი ბოლო ჩვენება, "რითაც საბოლოოდ მოხდა ამ საქმის შეკერვა", ლაშა ნაცვლიშვილმა მოიპოვა 19 აპრილის აქციის მეორე დღეს.

"ანუ პოლიტიკურ ნაბახუსევზე, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მას დაავალა, რომ სასწრაფოდ უნდა დასრულებულიყო ეს საქმე და ვანო მერაბიშვილი აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა. სულამანიძის ჩვენებიდან ასევე დადასტურდა, რომ პროკურატურას არც მის და არც ჩემს მიმართ ბრალის წაყენების სურვილი არ ჰქონია. მინდა, ცხადად განვაცხადო - მათ დააბარეს ჩემთან რამაზ სულამანიძეს, რომ თუ მე ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენებას მივცემდი, პროკურატურა ისევე გამიფორმებდა ე.წ განრიდებას ანუ ისევე გამოიტანდა ჩემს მიმართაც გადაწყვეტილებას საქმის არაღძვრის შესახებ, როგორც ეს რამაზ სულამანიძის შემთხვევაში გააკეთა. ეს ჩემთვის იყო ორმაგად შეურაცხმყოფელი, რადგან ერთი, რომ არ ჩამიდენია დანაშაული და მეორეც, ითხოვდნენ, უდანაშაულო ადამიანი დამედანაშაულებინა. რა თქმა უნდა, ეს არ გამიკეთებია და ახლა ორივე ვსხედვართ განსასჯელის სკამზე" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პროკურატურამ არამხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიო სასამართლო პრაქტიკისთვისაც უპრეცედენტო რაოდენობის მოწმეები წარადგინა.

"ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ პროკურატურამ საქმის უხარისხობის გამო დაიწყო რიცხვებში შეჯიბრი და ვთქვით, რომ ამ რაოდენობის მოწმეების დაკითხვა შეუძლებელია. მართლაც, დაახლოებით ორი კვირის წინ, პროკურატურამ ტაიმ აუტი აიღო. მათ გამოაცხადეს ერთკვირიანი შუალედი და დაიწყეს მათი აზრით, ძირითადი მოწმეების დამუშავება იმისთვის, რომ სასამართლოზე პროკურატურისთვის სასურველი ჩვენებები მიეღოთ" - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ რამაზ სულამანიძე ამის კარგი მაგალითია. მისი თქმით, პროკურატურის მოლოდინი არ გამართლდა და წინა კვირაში მოწმეების ჩვენებებმა დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის და მისი უდანაშაულობა. 

ყველაზე მთავარი, რაც დადასტურდა ძირითადი მოწმეებისგან არის ის, რომ პროექტი იყო წარმატებული. ასევე, ჩვენ გვაბრალებენ, რომ პროექტი შევქმენით ძირითადად ჩვენი პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად. მოწმეთა ჩვენებით კი, დადასტურდა, რომ არანაირი წინასწარი განზრახვა ამ მიმართულებით არ გვქონია და ყალბი პროგრამის შედგენა არავისთვის დაგვივალებია. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის თუ როგორ წარიმართება ამის შემდეგ პროცესი. უაზრობაა მათი მხრიდან 3800 მოწმის წარმოდგენა. ისინი გაწყვეტენ ამ სიას მომავალ კვირაში მაინც და იანვარი ბრალდებულებს და ჩვენს ადვოკატებს გვექნება საშუალება - გამოვიძახოთ ჩვენი მოწმეები" - აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. 

12 დეკემბერს, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასაქმების ეპიზოდთან დაკავშირებით სხვა მოწმეებთან ერთად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად თბილისის მერიის ბაღების სამმართველოს უფროსი რამაზ სულამანიძეც დაკითხეს. სულამანიძის განცხადებით, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 21 ათასი ადამიანი მათი პოლიტიკური აქტივობების მიხედვით დასაქმდა და ამასთან დაკავშირებით, ის სიებს გუბერნატორებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობებისგან იღებდა.

ამის შემდეგ, რამაზ სულამანიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, მისი თქმით, ის პროკურატურაში 4-ჯერ იმყოფებოდა, მეხუთეჯერ კი უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილს შეხვდა, რომელმაც გადასცა დადგენილება იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა.

კომენტარები