მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

მერაბიშვილი: სხდომის ასე ხშირად ჩანიშვნა ჩვენს წვალებას ისახავს მიზნად

Reuters

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საოლქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს Facebook-ის გვერდზე ეხმაურება. მერაბიშვილის განცხადებით, მიუხედავად მისი არაერთგზის თხოვნისა - არ გაემართათ სასამართლო პროცესები ყოველდღიურად, სასამართლო სხდომებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურას არ ჰყავს არცერთი მოწმე და არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს, სხდომის ასე ხშირად ჩანიშვნა ჩემი, ჩემი ადვოკატების და გულშემატკივრების წვალებას ისახავს მიზნად. ქუთაისის სასამართლოს სურს გაამართლოს პროკურატურის 3969 მოწმის არსებობა და ქმნის იმის იმიჯს, რომ სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს ყველა მოწმის დაკითხვას მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების არცერთი მოწმე არ იძლევა ჩვენს საწინააღმდეგო ჩვენებას, ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს. ყველა მალე მიხვდება, რომ თვით გურულის სასამართლოც კი, პროკურატურის მოწმეების 10%-საც ვერ დაკითხავს. მე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობარს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ჩემს ადვოკატებს, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე დევნის მსხვერპლნი გახდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მაინც მომეცემა საშუალება და შევძლებ დავესწრო ქუთაისში მიმდინარე რამდენიმე სასამართლო პროცესს", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების პროგრამის საქმესთან დაკავშირებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.  

პროკურატურის მტკიცებით, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა 2012 წელს, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები წინასაარჩევნო აგიტაციის ჩასატარებლად დაიქირავეს. საქმეში 4000-მდე მოწმე ფიგურირებს.

 

კომენტარები