პროტესტი უკრაინაში

ევროკავშირი: უკრაინისთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება

AP

ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა კიევთან იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლის გამოც უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა.

"ძალიან შეშფოთებულები ვართ, როცა ვისმენთ ზოგიერთ განცხადებას. პრეზიდენტ იანუკოვიჩთან ჩემი საუბრის მიზანი იყო გამეგო, თუ რა იყო ის მოკლევადიანი ეკონომიკური მიზეზები, რამაც მას ხელმოწერის საშუალება არ მისცა და ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად მასთან მუშაობა შეგვიძლია. პრობლემები შეიძლება გადაიჭრას ევროკავშირის, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის დახმარებით", - თქვა ეშტონმა.

მანამდე კი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე თავის ტვიტერზე წერდა, რომ ევროკავშირი კიევთან მოლაპარაკებას წყვეტდა მანამ, სანამ იანუკოვიჩის მთავრობა ხელმოწერისთვის მზადყოფნას არ დაადასტურებდა. თუმცა დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს.

"ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ ნათელია, რომ მათ არ უნდათ ან არ შეუძლიათ შიგნით შემოსვლა. ახლა გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, გარე ზეწოლის გარეშე მიიღოს. მაგრამ რეალისტები რომ ვიყოთ, ამ პერსპექტივამ დიდი დარტყმა განიცადა", - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის თქმით კი, "ბევრი ორმაგი საუბარი გვესმის. ის ამბობს ერთ დღეს ერთს და მეორე დღეს მეორეს. სხვადასხვა ადამიანებთან ის სხვადასხვა რამეს ამბობს, ეს შესაძლოა იყოს რეჟიმის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის ნიშანი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, ეს თავად რეჟიმმა უნდა გადაწყვიტოს".

მინისტრებმა რუსეთის შესახებაც ისაუბრეს. ქეთრინ ეშტონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე არ აისახება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე კი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთთან დიალოგს კრიტიკულ სიტუაციაშიც არ წყვეტს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ბრიუსელში შეხვედრაზე ჩამოვა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები გაგრძელდეს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა უთანხმოება გვაქვს, რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. მაშინაც კი, როცა მას არ ვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გავაგრძელოთ", - თქვა ვესტერველემ.

კიევის ცენტრში კი მრავალრიცხოვანი აქცია კვლავ მიმდინარეობს, მომიტინგეები ამჯერად იანუკოვიჩის მოსკოვში 17 დეკემბერს დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ, ოპოზიცია შიშობს, რომ იანუკოვიჩი კრემლთან ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გარიგებაზე წავა. ოპოზიციის ლიდერები ხალხს 17 დეკემბერს მაიდანზე მასშტაბური აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები