პროტესტი უკრაინაში

სენატორი ჯონ მაკკეინი კიევში ჩავიდა

David McNew/Getty / www.guardian.co.uk

სენატორი ჯონ მაკკეინი კიევში იმყოფება. ის ხვალ უკრაინის ხელისუფლებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. კიევში ასევე დემოკრატი კონგრესმენი კრის მერფი ჩავა. დღეს მაკკეინი დემონსტრანტებს შეხვდა და ესაუბრა.

პარასკევს სენატორებმა რეზოლუცია "მშვიდობიანი და დემოკრატიული დასკვნა" წარმოადგინეს და აშშ-ს მოუწოდეს, დაეწესებინა უკრაინისთვის სანქცია მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალის გამოყენების გამო. რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა დაგმეს უკრაინის ხელისუფლების მიერ მკაცრი ზომების მიღება ათასობით დემონსტრანტის მიმართ.

"უკრაინელები ახლა ქუჩებში დგანან და აპროტესტებენ იმიტომ, რომ თავიანთმა ხელისუფლებამ ისინი გაყიდა რუსეთისგან მოკლევადიანი ფინანსური მოგების მისაღებად და ისინი სამართლიანად ღელავენ უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებზე" - აცხადებენ რეზოლუციის ავტორები.

უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოეხმაურა და სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების ფაქტზე შეშფოთება გამოთქვა.

”აქტიურად ვაკვირდებით კიევის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს და მხარეებს ძალადობის ესკალაციის წინააღმდეგ ვაფრთხილებთ. განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ სამართალდამცველების გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აწარმოოს დამოუკიდებელი და სამართლიანი გამოძიება ყველა ინციდენტთან დაკავშირებით. ” - თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს ევროკომისრის პრესმდივანმა რავინა შამდასანმა. 

კომენტარები