ქართული სოფლები

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გალის რაიონის 18-მდე სოფელს სახელი შეუცვალა

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთში სოფლებისთვის სახელების გადარქმევის პროცესი 90-იანი წლებში დაიწყო. მისი თქმით, ქართულ სოფლებს სწორედ მაშინ გადაარქვეს სახელები გაგრაში, ასევე, სახელები შეუცვალეს ქუჩებს სოხუმში, გუდაუთაში, გაგრაში და ყველგან აფხაზეთში.

"ასეთი ფაქტები დიდი პროცესის ნაწილია. ამით ხდება დისტანცირება ყველაფერ ქართულთან, მაგრამ ვერ მოახერხებენ ამ დისტანცირებას. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, დაივიწყონ ქართული თემა. დღესაც კი შიდააფხაზურ კონტექსტში პოლიტიკური დაძაბულობა არის ქართული თემის გამო, ასე რომ ისინი ქართულ თემას ვერ გაექცევიან და ეს არის მათი პრობლემა, მხოლოდ თანავუგრძნობ მათ და მიმაჩნია, რომ სახელები ყველაზე ნაკლებად პრობლემატურია მათთვის და ჩვენთვის. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ადგილზე მოსახლეობის დაცვა, მათი ინტერესების დაცვა, დევნილების დაბრუნება, აფხაზი ხალხის ინტერესების დაცვა, რა თქმა უბდა. ყველაფერი მოგვარდება, მათ შორის სახელებიც, როცა აღდგება მშვიდობა, ნდობა და ერთიან სახელმწიფოში ერთად ვეცდებით გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც წინა ხელისუფლებებმა დაუშვეს" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარალმენტმა გალის რაიონის 18-მდე სოფელს სახელი შეუცვალა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აცხადებს, რომ ეს ძველი ახირებაა. 

"50-იანი წლებიდან მოდის მცდელობა, რომ ტოპონიმების შეცვლა მომხდარიყო. ძველი სოფლების უმრავლესობის სახელი პირდაპირი თარგმანია ქართულიდან აფხაზურზე. ძველი ჩაფიქრებული ოცნების განხორციელება მოხდა", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

კომენტარები