პროტესტი უკრაინაში

კიევში პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ვიქტორ იანუკოვიჩი

კიევში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე მაიდანიდან გაემართნენ. ისინი იანუკოვიჩს სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ: დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა დამნაშავის დასჯა, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას იყენებდა და მთავრობის გადაყენება.

შეხვედრა უკრაინის ხელოვნების სასახლეში ”მრგვალი მაგიდის" ფორმატში იმართება და მასში ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მრგვალი მაგიდის ინიციატივა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს ეკუთვნის.

შეხვედრის მსვლელობისას უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა აღშფოთება გამოთქვა 11 დეკემბერს განვითარებული მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ ბარიკადების დაშლისას, რადიკალურ ქმედებებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, პროვოკატორებიც მიმართავდნენ. პრეზიდენტი იანუკოვიჩი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ დოკუმენტი ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად მომზადდა და ის ადამიანები, ვინც შეთანხმების ტექსტზე მუშაობდნენ, შესაძლოა, სამუშაოს ჩამოსცილდნენ.

იანუკოვიჩის თქმით, 30 ნოემბერს სტუდენტური აქციის დარბევის გადაწყვეტილება სამმა ადამიანმა მიიღო და ისინი აუცილებლად დაისჯებიან. თუმცა, პრეზიდენტს მათი ვინაობა დღეს არ დაუსახელებია.

ევრომაიდანზე კი ათასობით დემონსტრანტი აქციას განაგრძობს.

კომენტარები