სასამართლო სტატისტიკა

სასამართლოებში განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცების პარალელურად, რომ საქართველოში დანაშაულმა იკლო, სასამართლოებში 2013 წლის 10 თვეში 2012 წლის 10 თვესთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, თუკი სასამართლოებში 2012 წლის 10 თვეში სისხლის სამართლის 8 227 საქმე შევიდა, 2013 წლის იმავე პერიოდში ეს მონაცემი 10 867 საქმემდე გაიზარდა. საქმეთა რაოდენობა 2 640 ერთეულითაა (32.1%) გაზრდილი. გარდა ამისა, 2 547-ით (25.3%) არის გაზრდილი იმ პირთა რაოდენობა, რომელთა საქმეებიც სასამართლომ განიხილა.

2013 წლის 9 თვეში, 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 19%-ით მეტი საქმეები იყო განხილული.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, 2013 წლის 10 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იკლო გამამართლებელი განაჩენის რაოდენობამაც. 10 თვეში სულ განხილული საქმეებიდან, განაჩენი 1 314 საქმეზე დადგა. აქედან, გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ საქმეთა 2.4%-ზე (31 საქმე, 86 პირი) დადგა. 2012 წლის იმავე პერიოდში გამამართლებელი განაჩენი საქმეთა 8.7%-ზე (86 საქმე, 112 პირი) დადგა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებში ყოველთვიურად იზრდება განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დანაშაული თვიდან თვემდე იკლებს. მაგალითად, შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 8 492 ერთეულით იკლო, რაც 24.2%-იან კლებას ნიშნავს, ხოლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41.3%-ით მოიმატა და 59.6%-ია.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას არასრულად, დეტალიზაციის გარეშე აქვეყნებს და არ უთითებს, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან რა ტიპის დანაშაულმა მოიმატა. სტატისტიკის სრულყოფილად გამოქვეყნება შსს-მ 2013 წლის გაზაფხულზე შეწყვიტა. მას შემდეგ არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის - ტაბულამ, უწყებისგან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა დანაშაულთა დეტალური სტატისტიკა, თუმცა, უშედეგოდ.

კომენტარები