სასამართლო სტატისტიკა

სასამართლოებმა 2013 წელს 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

2013 წლის 9 თვეში სასამართლოებში სულ განიხილეს 9 129 საქმე (10 707 პირი), ხოლო 2012 წლის 9 თვეში 7 668 საქმე (9 356 პირი). განხილული საქმეებიდან სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 8 726 საქმეზე, რაც გასული წლის მონაცემზე 14.7%-ით (873 საქმე) მეტია.

გარდა ამისა, სასამართლოებმა 2013 წელს საპროცესო შეთანხმება საქმეების 91%-ზე დაამტკიცეს, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 88% იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 2013 წელს დანაშაულის მაჩვენებელმა საქართველოში გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 5 589 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 37,2%-ით მოიმატა და 57,2%-ს შეადგენს.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული 9 თვის მონაცემები, წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არაერთი მედიასაშუალება უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას, თუმცა, უშედეგოდ. შსს-მ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

კომენტარები