დიდთოვლობა

ბათუმს, ხელვაჩაურსა და ქობულეთს ელექტროენერგია კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ

დაზიანებული გადამცემი ხაზი აჭარაში
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური

ბათუმს, ხელვაჩაურსა და ქობულეთს ელექტროენერგია კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ. რაც შეეხება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, მათ რამდენიმე დღეა, დენი არ აქვთ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სოფელ დაგვაში არსებული მაღალი ძაბვის ანძასთან მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან საღამოს დაათვალიერა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.  

აჭარაში კვლავ უამინდობაა, თოვს ბათუმსა და მაღალმთიან რეგიონებში. ბათუმში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრამდეა, მაღალმთიან ხულოს რაიონში კი - მეტრ-ნახევარს აჭარბებს.

როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს, ცენტრალურ მაგისტრალზე მთელი ღამის განმავლობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მაღალი ძაბვის გადამცემი 21 ხაზი დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, წლების განმავლობაში ამდენი დაზიანება მაღალი ძაბვის მხარეს ერთდროულად არ მომხდარა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის - თბილისში, თოვა დაიწყება და ხვალ დილამდე ითოვებს.

ამასთან, დღეს დასავლეთ საქართველოში თოვა ყველგან შეწყდა. თუმცა, ნიორაძის განმარტებით, 14 დეკემბრის ბოლოს დასავლეთ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება. უმეტეს რაიონებში თოვა და თოვლჭყაპი იქნება. ასევე ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 16 დეკემბრიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს და შედარებით დათბება.

კომენტარები