პროტესტი უკრაინაში

პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. 

განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 86 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. 

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველო უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და მისალმება მის სურვილს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

"საქართველოს პარლამენტი, უცხადებს რა სრულ სოლიდარობას არჩევანის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის გამო. 

საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და სჯერა, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა საქართველოც და უკრაინაც ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის სივრცეში.

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისა და მათი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ხელუყოფელი არჩევანის გაკეთების თავისუფლება და რუსეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს აღნიშნულ პროცესში.

საქართველოს პარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირისა და უკრაინის ძალისხმევას განახლდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებები ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და ამ მიმართულებით შესაბამისი პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით. გვჯერა, რომ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები გამონახავენ ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები