პროტესტი უკრაინაში

კიევის პატრიარქი: მხარდაჭერა მათ, ვისაც უკრაინის ევროპული მომავალი სწყურია

პატრიარქი ფილარეტი
telegraf.com.ua

კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი ფილარეტი ხუთპუნქტიანი მიმართვით ეხმაურება გუშინ, კიევის ცენტრში შინაგანი ჯარების მიერ ოპოზიციის მიტინგის დაშლის მცდელობასა და ძალის გამოყენებას. პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ ეკლესია ხალხთან დგას. უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: 

"1. ძალის გამოყენება მოქალაქეთა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, რის მოწმედაც იქცა მთელი მსოფლიო გუშინ ღამით, მიუღებელია. არსებული პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისი არ უნდა გადაწყდეს ძალისმიერი მეთოდებით, რომელთაც მივყავართ დაძაბულობის ზრდისკენ. ძალისმიერი ქმედებების შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ პროტესტის რადიკალიზება და ჩვენი სახელმწიფოს სრულმასშტაბიან სამოქალაქო კონფლიქტში ჩათრევა.

2. სწორედ ამიტომ, კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი უმაღლეს დონეზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ამ დიალოგის დასასრულად უნდა იქცეს ძალისმიერ მოქმედებებზე მორატორიუმის გამოცხადება, იმისთვის, რომ შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ იქნას უზრუნველყოფილი. შეთანხმების შესრულებათა გარანტირებისთვის შესაძლოა დიალოგში ჩაერთონ ავტორიტეტული შუამავლები.

3. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო პროტესტის პირველმიზეზად იქცა ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაურკვეველი დროით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ყველაზე მისაღები გზა კრიზისიდან შეიძლება იყოს უსწრაფესი დასრულება მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. სხვა ნაბიჯებზე მხარეები დიალოგის გზით უნდა შეთანხმდნენ.

4. შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილება იქცეს საკმარის გარემოებად ძალოვანი მოქმედებების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით ღამის საფარქვეშ, როცა ისინი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისკენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტეს ჯვარცმა, ძველი და ახალი დროის მოწამეთა სასამართლოები და XX საუკუნის მრავალრიცხოვანი რეპრესიები ასევე აღესრულებოდა სასამართლოთა გადაწყვეტილებით - მაგრამ ამან ვერ დააკანონა უკანონობა.

5. მივმართავ პირველ რიგში სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ასევე სამოქალაქო აქციის მონაწილეებს, - მოგიწოდებთ ყველას, არ იძალადოთ. გახსოვდეთ, რომ ყოველი სიტყვისა და ქმედების, სიცრუის, ძალადობისა და სისხლისღვრის გამო თითოეული პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე. ბოროტება არასდროს დარჩება დაუსჯელი, ხოლო სიკეთე და მშვიდობისმყოფლობა დაჯილდოვდება.

მოვუწოდებ ყველა მორწმუნეს მშვიდობის შენარჩუნებისა და უკრაინის გაყოფის თავიდან ასაცილებლად ლოცვას.

ვუცხადებ მხარდაჭერას მათ, ვისაც სწყურია უკრაინის უკეთესი ევროპული მომავალი. ეკლესია ხალხთან არის. დაე, ყველა დაგლოცოთ თქვენ ღმერთმა კეთილ საქმეებში!"

კომენტარები