რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საგარეო უწყება: ვგმობთ რუსეთის პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის განახლებასა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც საგარეო უწყების 10 დეკემბრის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და იწვევს სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებს.

"უკანასკნელ პერიოდში, ბანერების მოწყობა მოხდა ქარელის რაიონის სოფლებში: კნოლევი, ავლევი, ცერონისი, თამარაშენი, ღოღეთი, დირბი, დვანი და გორის რაიონის სოფლებში: ერგნეთი, დიცი, ქერე, ფლავი, ფლავისმანი, მეჯვრისხევი, ციცაგიანთკარი, ზემო ნიქოზი.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს და იწვევს სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებს. ზემოხსენებული საგანგაშო პროცესების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებული გახდა საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლის და პირველადი დახმარების მიღების უფლებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ - საერთაშორისო ვალდებულებების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით - რომელიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოსკოვის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციას რუსეთის ქმედებების უკანონობასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, განაგრძონ ეფექტური ზომების მიღება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე საგანგაშო პროცესების აღსაკვეთად", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები