თვითმმართველობის კოდექსი

თამარ კორძაია პატრიარქს კიდევ ერთხელ პასუხობს

www.geonews.ge

განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში პირველ რიგში ეთნიკურად ქართველების ინტერესები უნდა იყოს დაცული, არასწორია, რადგან ასეთი მიდგომა ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა - პიკის საათში განაცხადა. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თვითმმართველობის კოდექსში სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ხედავს და ამ საკითხთან დაკავშირებით პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობს.

"პატრიარქს აქვს გაცილებით დიდი ავტორიტეტი ქვეყანაში, ვიდრე სხვა ნებისმიერ პირს შეიძლება ჰქონდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში, ამიტომაც იყო ჩემი რეაქცია ასეთი. მე გავაკეთე ამაზე განმარტებები. მე ვარ სოხუმელი და როდესაც ომი დაიწყო, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, 15-16 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ომი არ დაწყებულა ერთ დღეს და მახსოვს ყველაფერი როგორ ხდებოდა, როგორ გრძნობდნენ თავს აფხაზები ქვეყანაში, როგორ ცდილობდნენ დაეცვათ თავი და დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ კარგები, სამსახურის ღირსნი, თანამდებობის ღირსნი და ასე შემდეგ. ეს  და ის აგრესია, რომ საქართველოში პირველ რიგში ეთნიკურად ქართველების ინტერესები უნდა იყოს დაცული, კარგად მახსოვს, როგორც უშუალო მონაწილეს ამ პროცესების - ვიყავი იქაური მაცხოვრებელი და ეთნიკურად ქართველი. და სანამდე მივედით, ახლა ამაზე დავა აღარ შეიძლება გავაგრძელოთ, აღარ გვაქვს ეს აფხაზეთი და პერსპექტივაშიც არ ვიცით როდის შეიძლება ის იყოს ჩვენი იურისდიქციის ქვეშ. ადამიანი, რომელმაც ეს განიცადა საკუთარ თავზე, ალბათ, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა უყურებდეს ნებისმიერ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გრძნობდეს ჩვენ ქვეყანაში თავს კარგად და ვინ - არა. მით უფრო, როდესაც მესმის განცხადებები, რომ არ შეიძლება მაჰმადიანი ქართველი არსებობდეს ან ქართველი თუა, ის არ შეიძლება იყოს მაჰმადიანი. ეს არის როდესაც შენ მეზობელს, მეგობარს ეუბნები, რომ “შენ არ ხარ ჩემთან და მე არ მჭირდები შენ”. არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება, ეს თესავს დაპირისპირებას. ინსტიტუცია, რომელიც მიტევებას და სიყვარულს ქადაგებს, მან მსგავსი ტიპის შესაძლებლობაც კი არ უნდა დაუშვას. ძალიან კარგად მესმის, რომ მართლმადიდებელმა უნდა სცადოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაქციოს თავის რჯულზე - ეს ჩვეულებრივი, კანონზომიერი, სრულიად სწორი განვითარებაა, მაგრამ არ შეიძლება ეს ვაკეთოთ აგრესიით. თუ ვინმე ჩათვლის, რომ არასწორად ვფიქრობ, კი ბატონო, ყველა თავისუფალია აზრის გამოხატვაში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები