თვითმმართველობის კოდექსი

უსუფაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციაზე: თურმე ერთპროცენტიან პარტიას გვეძახიან

David Usupashvili
Tabula

ის ათი პარტია დღეს პარლამენტში რომ არ ზის, ვისი ბრალია თავის თავს მოკითხონ. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ განცხადებებს, რომ თვითმმართველობის კოდექსი კონკრეტულად რესპუბლიკური პარტიის პროექტი იყო. "ძალიან ბევრს მოკლეზე უნდოდა პარლამენტში შერბენა და უფსკრულში ჩაიჩეხა, ეგ ჩემი ბრალი არ არის", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ეს პარტია მიწვეული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც ეს პროექტი მომზადდა. "მთავარი ის არის, რომ ამბობენ, ჩვენ მანდ არ მოვალთ, პარლამენტი რა შუაშია, აქეთ მოდით და აქეთ დაგველაპარაკეთო", - თქვა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ პარტიაზე იერიშის მიტანა, ახალი ამბავი არ არის. "მე ამ შემთხვევაში უკვე აღარ ვიცი, უნდა ვიყო თუ არა სუპერკმაყოფილი, რომ ე.ი. ერთპროცენტიანი პარტია - თურმე ასეც გვეძახიან - უკვე 23 წელია ჩვენს ჭკუაზე ვატრიალებთ ამ ქვეყანას.  მცდელობა კოალიციის შიგნით რაღაც განხეთქილების შეტანის ისევე დასრულდება, როგორც დღემდე ყველა მცდელობა დასრულდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მთელ აღმასრულებელ სისტემაში, ექვსას წამყვან თანამდებობის პირს შორის, სულ ორი ცალი რესპუბლიკელია.

კომენტარები