ნულანდი საქართველოში

წულუკიანი: აშშ სრულად იზიარებს ჩვენს პოზიციას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აშშ სრულად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოზიციას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა ჩვენი პარტნიორებისათვის და ეს პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს. სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს − იქნება ეს ცუდად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ის უსამართლობა, რაც წარსულში იქნა დაშვებული, უნდა გავასწოროთ ისე, რომ დემოკრატიული პროცესი არ დაზიანდეს. აშშ გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივ დახმარებას სასამართლო რეფორმის პროცესში და ჩვენ ერთად მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენს ხალხს სურს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ჩვენ ინსტიტუციურ დემოკრატიას შევქმნით ამ ქვეყანაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს ცნობით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში დღეს ჩამოვიდა. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრს უკვე შეხვდა. 

ვიქტორია ნულანდი ვიზიტს დღის ბოლოს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში კიევიდან ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ვიქტორია ნულანდი მოსკოვში მიემგზავრება.

კომენტარები