ნულანდი საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შეხვდა

cfnews13.com

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნულანდმა კანცელარიის შენობასთან პანდუსი გახსნეს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბოლო წლებში საქართველოს წარმატებებზე ისაუბრა. 

”ბატონო პრემიერო და თავდაცვის მინისტრო, მე მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში და ვხედავ შესანიშნავ პროგრესს, რომელიც განიცადა თქვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში. რაც გამოიხატა არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ბატონო პრემიერმინისტრო, გილოცავთ პოსტის დაკავებას და კვლავ ვადასტურებ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. დიდი მადლობა დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის”, - თქვა ნულანდმა.

ვიქტორია ნულანდმა საქართველოში ვიზიტი დღეს დილით პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კანცელარიის შენობაში მიიღო. ნულანდი დღის განმავლობაში შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, ასევე საპარლამენტო უმცირესობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს დღესვე დატოვებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი თბილისიდან მოსკოვში მიემგზავრება.

კომენტარები