სახელმწიფო შესყიდვები

TI: სახელმწიფო უწყებებმა 2.174 მილიარდის არაკონკურენტული კონტრაქტი გააფორმეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) 2010 წლის დეკემბერსა და 2013 წლის სექტემბრის პერიოდში ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით დადებული 430 000-ზე მეტი კონტრაქტი გააანალიზა და კვლევის შედეგები დღეს, 6 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 2011 წელს, სახელმწიფომ 959 000 000 ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა. 2012 წელს მსგავსი კონტრაქტების ღირებულებამ 1.17 მილიარდ ლარს მიაღწია, 2013 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კი მათი მოცულობა 450 000 000 ლარი იყო. გასულ წელს, არაკონკურენტული წესით გაფორმებულმა კონტრაქტებმა მთავრობის დანახარჯების 18% შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.7%-ია.

საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს ახალ ანგარიშში "გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები - კორუფციის რისკები" აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში პირდაპირი კონტრაქტების ოდენობამ იკლო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი სტაბილურად იზრდებოდა.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, არსებობს საშიშროება, რომ პირდაპირ გაფორმებულმა კონტრაქტებმა მთავრობის ხარჯების გაუმართლებელი ზრდა გამოიწვიოს, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში, არ არსებობს ფასის დაწევის შესაძლებლობა, რასაც, ტენდერის გამოცხადებისას, კონკურენტი კომპანიის არსებობა უზრუნველყოფს. ამასთან, კონტრაქტების გაფორმება გამჭვირვალე ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით ზრდის კორუფციის რისკებს, რადგანაც, კონტრაქტები შესაძლოა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ან მმართველი პარტიის მხარდამჭერ კომპანიებთან დაიდოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 2012 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემოწირულებების სახით 6.6 მილიონი ლარი მიიღო სწორედ იმ პირებისაგან, რომელთა კომპანიებმაც სახელმწიფოსგან პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით 160 მილიონი ლარი მიიღეს. (იმავე კომპანიებმა 2011 წელს 110 მილიონი ლარი მიიღეს.)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ასევე აღმოაჩინა, რომ 2013 წელს ელიტა ბურჯმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვებით ფლობს, ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირა. ელიტა ბურჯმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირდაპირი კონტრაქტის მეშვებით (აღნიშნული კონტრაქტი გასაიდუმლოებულია) იმავე წელს 80 000 ლარი მიიღო.

თანხების მსგავსი მოძრაობა ( ე.წ. ატკატი) საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ნაკლებად შეინიშნებოდა, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, მაინც რჩება რისკი, რომ პირდაპირი კონტრაქტები შეიძლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იქნეს გამოყენებული.

ანგარიშში განხილულია რიგი შემთხვევები, როდესაც პირდაპირი კონტრაქტები ფორმდება პარლამენტის წევრების (როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი) კუთვნილ კომპანიებთან:

  • პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე (კია მოტორსი, იბერია სერვისი): 30.9 მილიონი ლარის ღირებულების 415 კონტრაქტი.
  • პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი (ცეკური): 12.3 მილიონი ლარის ღირებულების 16 კონტრაქტი.
  • პარლემენტი წევრი კახაბერ ოქრიაშვილი (PSP, ნიუ ჰოსპიტალს): 4.94 მილიონი ლარის ღირებულების 142 კონტრაქტი.
  • პარლამენტის ყოფილი წევრი კანდიდ კვიციანი (ენგური 2006, ნიუ ქუნსთრაქშენ): 31.9 მილიონი ლარის ღირებულების 17 კონტრაქტი.
  • პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ კოხოძე (თეგეტა მოტორსი): 7.4 მილიონი ლარის ღირებულების 214 კონტრაქტი.
  • პარლამენტის ყოფილი წევრი ასლან თავდგირიძე (ხინო): 5.59 მილიონი ლარის ღირებულების 11 კონტრაქტი.
  • აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი რევაზ არძენაძე (შპს ფიროსმანი): 3.92 ლარის ღირებულების 9 კონტრაქტი.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ის კომპანია, რომლებიც ხშირად იღებს სარგებელს პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით, საჯარო მოხელეებს უკავშირდება.

შპს ნიუ ენერჯი, ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლების ინფორმაციით, მცხეთა მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის კუთვნილი კომპანიაა, რომელმაც 2011 და 2012 წლებში პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტების მეშვეობით 69 მილიონი ლარი მიიღო.

შპს მენო ინტერნეიშნლმა, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობს, 36.9 მილიონი ლარი მიიღო. ჩიქოვანის კუთვნილმა მეორე კომპანიამ მაგი სტილმა კი 1 მილიონი ლარი.

სამშენებლო კომპანია შპს ანაგმა, რომლის მფლობელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის (2008-2012) ზაზა გოგოტიშვილის მეუღლე ნანა აროშიძეა, სახელმწიფოსთან 59.2 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა მაშინ, როდესაც მისი მეუღლე აჭარის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყოს. აქედან, 10 მილიონი ლარი კომპანიამ აჭარის სპორტის სამინისტროსგან მიიღო.

კომპანია ევროკანდელამ დაარსებიდან სამი კვირის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ორგანიზაციასთან ანაკლია-განმუხური რესორტსი პირდაპირი წესით გააფორმა 2.1 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც გარე განათების ბოძების მიწოდებას ითვალისწინებდა; 2011 წლის სექტემბერში, ევროკანდელას თანადამფუძნებელი რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. აქედან რამდენიმე კვირაში კომპანიამ 600 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი მუნიციპალური განვითარების ფონდთან გააფორმა.

სამშენებლო კომპანია ლებეს კასპის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი წესით 450 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, ამ დროს კომპანიის 50%-ის მფლობელი - ლევან დემეტრაშვილი, კასპის საკრებულოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, სახელმწიფო უწყებების მიერ პირდაპირი წესით გაფორმებული კონრაქტები 2013 წლის გაზაფხულიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტში. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ასეთი დონის გამჭვირვალობა შესაძლოა არცერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობდეს.

კომენტარები