დანაშაულის სტატისტიკა

შსს-მ 11 თვის დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არასრულად გამოაქვეყნა

RFE/RL

შსს-მ 2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სამინისტროს მტკიცებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 8492 ერთეულით იკლო, რაც 24,2%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3%-ით მოიმატა და 59,6%-ია.

სამინისტრომ ასევე ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.

სამინისტროს მიერ, დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ. შსს-მ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

მიუხედავად სახელმწიფოს მტკიცებისა, რომ დანაშაულმა იკლო, სასამართლოებში 2013 წელს გაიზარდა განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 2013 წლის 9 თვეში 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.1%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. 2013 წლის 9 თვეში სასამართლოებში სულ განიხილეს 9 129 საქმე (10 707 პირი), ხოლო 2012 წლის 9 თვეში 7 668 საქმე (9 356 პირი). განხილული საქმეებიდან სასამართლოებმა განაჩენი გამოიტანეს 8 726 საქმეზე, რაც გასული წლის მონაცემზე 14.7%-ით (873 საქმე) მეტია.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ დეკლარირებული დანაშაულის კლებისა და გახსნის მაჩვენებელის ზრდის პარალელურად, აგვისტოში, საქსტატმა მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ასევე გამოაქვეყნა დანაშაულის სტატისტიკა. დევნის დაწყების მაჩვენებელი 2013 წლის ივნისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით იზრდებოდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე 112%-ით, ყაჩაღობაზე - 100%-ით, ნარკოდანაშაულზე - 153%-ით, ძარცვაზე - 71%-ით, ხოლო ქურდობაზე - 31%-ით მოიმატა.

ამასთან, ტაბულამ წინა თვეს გამოაქვეყნა შსს-ს შიდა ქსელიდან მოპოვებული მონაცემები, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამინისტროს მიერ დეკლარირებული დანაშაულის კლება და გახსნის მაჩვენებლის ზრდა სიმართლეს არ შეესაბამება. მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 28 822 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.8%-ით მეტია. 2012 წლის 8 თვეში საქართველოში 24 460 დანაშაული იყო დარეგისტრირებული.

ტაბულას ინფორმაციით, 41%-ით (366 ფაქტი) არის გაზრდილი ბინის ქურდობა, ძარცვა - 33% (96 ფაქტი), ყაჩაღობა - 78.4% (138 ფაქტი), ნარკოდანაშაული - 184.8%-ით (3 716 ფაქტი).

კომენტარები