NATO-საქართველო

ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველო ძალიან დაუახლოვდა NATO-ს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა საქართველოს მხარი დაუჭიროს. 

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ NATO-საქართველოს კომისიის შექმნის შემდეგ. ჩვენ ცოტათი კიდევ დავუახლოვდით იმ დაპირების რეალიზებას, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას უკავშირდება. ჩამოვაყალიბეთ მტკიცე და ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის პროგრამაზეა დაფუძნებული", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში. 

"თქვენ პირობა დადეთ, რომ ავღანურ ძალებს მხარს დაუჭერთ 2014 წლის შემდეგაც. ასევე ჩართული ხართ ჩვენს პროგრამაში, რომლის მიზანია ავღანური ძალების მომზადება, მათთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა. საქართველომ ასევე გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. 
თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ ეროვნულ დონეზე. შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა თავდაცვის სექტორში. გაცილებით მყარია დემოკრატია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარებული თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით. კიდევ რჩება გასაკეთებელი სამუშაო, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო ძალიან დაუახლოვდა NATO-ს. ალიანსი მტკიცეა თავის მზაობაში მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები