თვითმმართველობის კოდექსი

ენმ-ს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ნარმანიასთან კითხვები აქვს

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით 9 კითხვით მიმართავს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხებს გაცემს, გამოჩნდება რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, გაატაროს გააზრებული რეფორმა.

"დღეს ჩვენ მივმართავთ რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას. მისი უწყება არის ამ კანონპროექტის ავტორი და ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემთხვევაში, დავინახავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას ნება, რომ გაატაროს გააზრებული რეფორმა და მომავალ წელს ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს კითხვებია:

1. როდის ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

2. რომელ ქალაქებში ვირჩევთ მერსა და გამგებელს პირდაპირი არჩევის წესით.

3. რამდენი და რომელი ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნება.

4. როგორი საარჩევნო სისტემით ტარდება არჩევნები რაიონებსა და ქალაქებში.

5. როგორი საარჩევნო სისტემით აირჩევა დედაქალაქის საკრებულო.

6: რა იცვლება თვითმმართველობის დაფინანსების წესში.

7. რამდენად გაზრდის დადგემილი რეფორმა სახელმწიფო ხარჯებს.

8. იგეგმება თუ არა თვითმმართველობის მეორე დონის შექმნა.

9. რატომ არ გაკეთდა წელს ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია და მოესწრება თუ არა ამის გაკეთება დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებამდე?", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი თვითმმართველობის კოდექსი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

"უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროცესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარლამენტში შემოტანილია ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს პასუხგაუცემელს. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა, როგორც სხვა არაერთი კანონპროექტის, ამ კანონის დაჩქარებული წესით გატანასაც ცდილობს. ჩვენ ვთვლით, რომ აქ მთავარი არ არის ტექნიკური საკითხები, თუმცა ბევრი შენიშვნები გვაქვს ამასთან მიმართებაში. მთავარი არის ის, თუ რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და რეფორმა გატარდეს გააზრებულად", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დავით ნარმანიას უწყებამ პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა. რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებს, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გაიზრდება გუბერნატორთა უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობაც შეიცვლება.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქალაქებისთვის, რომელთა მოსახლეობა 15 ათასზე მეტია, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა დასახლებებს, რომელთა მოსახლეობა ასევე 15 ათასია, თუმცა, ქალაქის სტატუსი არ აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა აქვთ და იმედოვნებენ, რომ მათ მოსაზრებებს მთავრობა და პარლამენტი გაითვალისწინებს.

კომენტარები