ადამიანის უფლებები

უსუფაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს: ნუ გაიმეორებთ ძველ შეცდომას

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გაიმეორონ ის შეცდომა, რაც 2003-2004 წლებში დაუშვეს. უსუფაშვილმა სასტუმრო რედისონში მიმდინარე კონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, დაეხმარონ როგორც ხელისუფლებას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

"ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული შეფასების კრიტერიუმები, რას დავპირდებით და რას შევასრულებთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს დახმარება აუცილებლად უნდა მოიცავდეს ძალიან მკაცრ მონიტორინგს. თავად ვთხოვთ ყველას, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართავ, არ დაუშვათ ის შეცდომა, რაც დაუშვით 2003-2004 წლებში, როდესაც არასწორად ჩათვალეთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა და არ იყო აუცილებელი სათანადო ყურადღების გამოჩენა, სათანადო რესურსების დახარჯვა. ჩვენ მზად ვართ ამ მძიმე საქმისთვის და ჩვენ ეს დახმარება გვჭირდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო რედისონში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელეს. კონფერენცია საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგიც დაესწრნენ.

პრემიერმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა. მისი თქმით, დღევანდელ მთავრობას ამ მიმართულებით მძიმე მემკვიდრეობა ერგო და მდგომარეობის ერთბაშად გამოსწორება რთულია. ღარიბაშვილმა მედიის თავისუფლების ხარისხსა და სასჯელაღსრულების დაწებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების განადგურების ფაქტსაც გაუსვა. 

 

კომენტარები