ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

ღარიბაშვილი: სახელმწიფო სტრუქტურებში უმძიმესი დანაშაულები იგეგმებოდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გეგმაში დეტალურად იქნება მოცემული, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ამ მიზნის მისაღწევად და რა ვადებში მოხდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერმინისტრის განცხადებით, თავად ამ გეგმის შედგენის პროცესიც იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული.

"ჩვენ ამას ვაკეთებთ უცხოელ მეგობრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, როდესაც მთავრობას ექნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ნამდვილად გვსურს საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და ავაშენოთ რეალურად მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები".

ღარიბაშვილის თქმით, წინა მთავრობისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა ფასადურ გამჭვირვალობას რეალურად გამჭირვალედ აქცევს და ინსტიტუტების დემოკრატიულ მოდერნიზაციას მოახდენს.

"ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია დემოკრატიული ინსტიტუტების ძირეული მოდერნიზაცია და რეალურად გამჭვირვალე სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა. ეს არ გულისხმობს სახელმწიფო შენობების ფასადურ გამჭვირვალობას, სადაც უმძიმესი დანაშაულები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა, ეს გულისხმობს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, განურჩევლად მისი რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური კუთვნილებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები