თვითმმართველობის კოდექსი

ხიდაშელი: თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება შედგა

დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან დღევანდელი სამუშაო შეხვედრის შემდეგ უთხრა. მისი განმარტებით, პარლამენტს მუშაობის ორი კვირა დარჩა, ხოლო მთავრობიდან ბევრი კანონპროექტია შესული, ამიტომ აუცილებელი იყო მსჯელობა, რომელი კანონპროექტის მიღება ეჩქარება მთავრობას.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს მთავრობაში შესული კანონპროექტები ბიუჯეტიდან დაწყებული თვითმმართველობის კოდექსით დამთავრებული.

"კანონპროექტები განვიხილეთ როგორც არსობრივად, ასევე ვიმსჯელეთ გრაფიკსა და თანმიმდევრობაზე, რომლითაც მივდივართ. გავარკვიეთ, სად ეჩქარება მთავრობას და რა არის ის საკითხი, რომელიც მომავალი წლისთვის მოიცდის. შეხვედრის ძირითადი ნაწილი თვითმმართველობის კოდექსმა წაიღო და კოდექსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პრინციპული შეთანხმება შედგა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დეპუტატის ვარაუდით, თვითმმართველობის კოდექსს პარლამენტი მიმდინარე წელს მიიღებს. თინა ხიდაშელის თქმით, შესაძლოა, კოდექსის სამივე მოსმენით მიღება ვერ მოესწროს, თუმცა თვითმმართველობის კოდექსის განხილვა კომიტეტებში მიმდინარე კვირას დაიწყება.

"თვითმმართველობის კოდექსს პარლამენტი სავარაუდოდ წელს მიიღებს. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ყველა კითხვა დაისვა და პრინციპული შეთანხმებაც შედგა", - თქვა ხიდაშელმა.

მინისტრთა კაბინეტი მთავრობის კანცელარიაში პრემიერთან სამუშაო შეხვედრაზე დღეს 18:00 საათზე შეიკრიბა. დახურულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და რამდენიმე დეპუტატი.

კომენტარები