იუსტიციის სახლი

წულუკიანი: იუსტიციის სახლი მოქალაქეებისა და თანამშრომლებისაგან უკვე დაცლილია

ძლიერი ქარის გამო იუსტიციის სახლის სახურავის დაზიანებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, შენობა მოქალაქეებისგან და თანამშრომლებისგან უკვე დაცლილია. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობაში ჩართული იტალიური კომპანიის წარმომადგენლები თბილისში ხვალ ჩამოვლენ.

"იუსტიციის სახლის შესასვლელში, გარე პერიმეტრზე, სახურავი ჩამოიშალა ქარის გამო. საბედნიეროდ, არავინ დაზიანებულა. შენობა დაცლილია მოქალაქეებისა და თანამშრომლებისაგან. ადგილზე ვიმყოფებით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, სამაშველო სამსახური და მშვიდობაა. მთავარია, რომ არავინ დაზიანდა, ვინც ამ დროს შესასვლელში შეიძლებოდა ყოფილიყო. იტალიური კომპანიის წარმომადგენლები, ვინც სახურავი საოცარი სისწრაფით გააკეთა შარშან, ხვალ ჩამოვლენ თბილისში", - წერს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ძლიერმა ქარმა სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მარიამ სხილაძის თქმით, ქარმა ჩამოყარა სამშენებლო მასალის ნაწილი. სხილაძე აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შენობა დღეს დაიკეტა.

"იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, იუსტიციის სახლის მენეჯმენტთან ერთად, იუსტიციის სახლის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რათა შესაბამისმა სამსახურებმა დაზიანებული ადგილები შეაკეთონ", - ამბობს სხილაძე და ვარაუდობს, რომ ხვალ იუსტიციის სახლი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

"შევხედავთ, რა ხარისხის დაზიანება იქნება და საზოგადოებას ვაცნობებთ", - თქვა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

კომენტარები