აქციები უკრაინაში

რადამ უკრაინის მთავრობას უნდობლობა არ გამოუცხადა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 3 დეკემბერს, ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხებოდა. უკრაინული გამოცემა Liga News-ის ცნობით, მთავრობის გადაყენებას მხარი 186-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი 226 ხმა იყო საჭირო.

როგორც ცნობილია, აზაროვის მთავრობის გადაყენებას ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია ეწინააღმდეგება, კომუნისტურ პარტიას კი კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

რეგიონების პარტიის წარმომადგნლები ჯერ კიდევ კენჭისყრამდე აცხადებდნენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ მთავრობის გადაყენებას, რადგან, მათი მოსაზრებით, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სწორედ სტაბილურობა სჭირდება.

რადას შენობასთან ამ წუთებშის აპროტესტო აქციის ათასობით მონაწილეა შეკრებილი. ისინი მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სპეცრაზმელები გაძლიერებულად იცავენ.

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

კომენტარები