ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ეთიკის ქარტია არაწევრი ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრების განხილვას შეძლებს

ქარტიის 2013 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ელექტრონული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქარტიის წევრებს უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ორგანიზაციის წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ, კერძოდ, უჭერდნენ თუ არა მხარს ქარტიის საბჭოს მანდატის გაფართოებას. ხმის მიცემისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა 2 დეკემებერს, ღამის 12 საათზე. სულ გამოკითხვაში დაფიქსირდა 218 ხმა, აქედან ცვლილებას მხარი დაუჭირა 197 წევრმა, წინააღმდეგ მისცა ხმა 21-მა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქარტიის წესდებაში განხორციელდება ცვლილებები და ქარტიის საბჭო უფლებამოსილი გახდება, განიხილოს განცხადებები ქარტიის არაწევრი ჟურნალისტების მიმართაც. ცვლილებები ძალაში შევა ქარტიის საერთო კრების ჩატარებისა და საბჭოს განახლებული შემადგენლობის არჩევის შემდეგ. ქარტიის საერთო კრება გაიმართება მიმდინარე წლის 21 დეკემბერს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დღემდე მხოლოდ იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ შესული საჩივრების განხილვა შეეძლო, ვინც ქარტიის ხელმომწერი იყო.

კომენტარები