ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს დაიწყება

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ადვოკატების განმარტებით, შუამდგომლობის მოტივი არის ის, რომ მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისს არაკანონიერი ბრძანება არ გაუცია.

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, 26 მაისთან დაკავშირებით, ბრალდება არ იკვეთება, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შს მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ვინმეს დაავალა ძალის გადამეტება. მისივე თქმით, 26 მაისის აქციის დაშლის დროს, ზოგიერთმა სამართალდამცველმა ძალას გადაამეტა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, მერაბიშვილს ეს ბრძანება არ გაუცია. 

ყოფილი პრემიერის კიდევ ერთი ადვოკატის ოთარ კახიძის თქმითაც, მერაბიშვილის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ექსპერტიზის დასკვნით არის დადასტურებული. კერძოდ, კახიძის განცხადებით, არსებობს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციის დაშლის ბრძანება კანონიერი იყო. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თუ სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა არ განხორციელდება, მერაბიშვილს გაამართლებენ. 

დღევანდელი სხდომა ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი მერაბიშვილის მოწოდება გახდა. ყოფილმა პრემიერმა პროკურორებს მოუწოდა, 26 მაისის საქმეზე აქციის დაშლის დროს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის სახელს ნუ ახსენებენ. ამ მოწოდებას დარბაზში მსხდომი გულშემატკივრების მხრიდან ტაში მოყვა. მოსამართლემ ოვაციების ინიციატორს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ვანო მერაბიშვილმა ამის შემდეგ თქვა, რომ თუკი გარდაცვლილი პოლიციელის სახელის დასაცავად დარბაზში მყოფებს პროცესს ატოვებინებენ, მაშინ პროცესს ისიც დატოვებს. 

ყოფილ პრემიერს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

კომენტარები