ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი ნაფიც მსაჯულებზე უარს ამბობს

www.ipn.ge

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარს ამბობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მერაბიშვილს მიმართა, რომ თუ სურს, მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მერაბიშვილმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

"არ მინდა დამატებით 12, 8 თუ 7 ადამიანი პროკურატურის უხეში ზეწოლის ქვეშ მოექცეს. ეს პოლიტიკური პროცესია და არ მინდა, ამ პოლიტიკური ზეწოლის პროცესში, ჩემთვის უცნობი ადამიანები ჩავრთო", - განაცხადა მერაბიშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც, მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე დაუღალავად დადის.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს. ექსპრემიერის ადვოკატის თქმით, საქმეში სისხლის სამართლის ნიშნები არ არის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი კანონის სრული დაცვით მოქმედებდა.

გასულ კვირას, დაცვის მხარის მოთხოვნით, მოსამართლემ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებად დაუშვა ამერიკული კომპანია დენსუსის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

კომენტარები