საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წიგნის - უცნობი პუტინი - პრეზენტაციაზე

საქინფორმი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის წიგნის - "უცნობი პუტინი" - პრეზენტაციაზე დასწრების ფაქტის გახმაურების შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო საქინფორმმა დავით ჯალაღანიას გაკეთებული კომენტარი წაშალა. კომენტარის გარდა, მასალიდან წაშლილია წიგნის პრეზენტაციაზე ჯალაღანიასთვის გადაღებული ფოტოც.

საქინფორმში კომენტარის და ფოტოს წაშლის მიზეზს ვერ ხსნიან, თუმცა, ადასტურებენ საგარეო სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას იმის შესახებ, რომ ჯალაღანია პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდა.

ამასთან, მათ ვერც იმის ახსნა შეძლეს, თუ როგორ მოხვდა მინისტრის მოადგილე აწ უკვე წაშლილ სურათზე, თუკი ის პრეზენტაციაზე მართლაც არ იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია წიგნის "უცნობი პუტინი" პრეზენტაციაზე არ ყოფილა. სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ახლობლის, გაზეთ "ილორის" გამომცემლის როლანდ ჯალაღანიას იუბილეზე იმყოფებოდა.

საინფორმაციო სააგენტო საქინფორმმა წიგნის შესახებ ჯალაღანიას კომენტარი 10 ოქტომბერს გაავრცელა.

"ვფიქრობ, რომ აღნიშნული წიგნის გამოცემა სამეცნიერო, კვლევითი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მმართველზე და მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ისეთ ლიდერზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს, თანამედროვე ისტორიის შექმნის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია. წიგნის შეფასებას ისტორიკოსებს და ანალიტიკოსებს დავუტოვებდი, თუმცა, მინდა გითხრათ, პირადად მეც დიდი ინტერესით გავეცნობი - ჯერ არ წამიკითხავს. მიმაჩნია, რომ აღნიშნული წიგნის გამოცემით კარგი საქმე გაკეთდა. ვფიქრობ, რომ შენი ოპონენტის (არ მინდა მას მტერი ვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპონენტი აქვს დამახასიათებელი) გასაცნობად რაც მეტ ზუსტ ინფორმაციას მიიღებ, მით უფრო ადეკვატური იქნება ის რეაქცია, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს", - ჯალაღანიას ეს კომენტარი საქინფორმმა დაბეჭდა.

წიგნის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს სასტუმრო BETSY’S HOTEL-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. "უცნობი პუტინი" არასამთავრობო ორგანიზაცია "ისტორიულმა მემკვიდრეობამ" გამოსცა. 400-გვერდიან წიგნში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზეა საუბარი.

წიგნის გამომცემლების განცხადებით, რუსეთის ტელეარხების დაბლოკვის შედეგად, ქართველი საზოგადოება მხოლოდ ცრუ, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ სათანადოდ დამახინჯებულ და ცენზურაგავლილ ინფორმაციას იღებდა. მათი მიზანი კი, როგორც თავად ამბობენ, საზოგადოებისთვის პუტინის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა.

"უცნობი პუტინი უნიკალურია იმით, რომ ეს - საქართველოში გამოსული პირველი გამოცემაა ვლადიმერ პუტინზე ქართულ ენაზე. კრებულის სათაური - უცნობი პუტინი – ნათლად მეტყველებს მისი გამოცემის მიზანზე: რაც შეიძლება სრულად და მართლად გააცნოს ფართო ქართულ საზოგადოებრიობას დიდი რუსეთის – მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს ისტორიული მფარველის ხელმძღვანელის პიროვნება, რადგან ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით 08.08.08 ომის შემდეგ, რუსეთის ტელეარხების დაბლოკვის შედეგად, ქართველი საზოგადოება მხოლოდ ცრუ, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ სათანადოდ დამახინჯებულ და ცენზურაგავლილ ინფორმაციას იღებდა თანამედროვეობის საყოველთაოდ აღიარებული ლიდერის და უდიდესი პოლიტიკოსის შესახებ, როგორადაც გვევლინება ვლადიმერ პუტინი", - წერს საქინფორმის ჟურნალისტი წიგნის შესახებ.

ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სააგენტო 2010 წლის 10 აგვისტოს, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოლექტივმა დააარსა.

კომენტარები