საკადრო ცვლილებები

სუბარის მოადგილე ეკა ქრისტესაშვილი იქნება

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მისი მოადგილის პოსტზე სოფო ჯაფარიძეს ეკა ქრისტესაშვილი შეცვლის. მინისტრის განმარტებით, ქრისტესაშვილის კანდიდატურა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე წარუდგინა. სუბარის თქმით, ეკა ქრისტესაშვილი ადამიანის უფლებების დამცველია და ამ კუთხით ბოსნია-ჰერცეგოვინაში მუშაობდა. ქრისტესაშვილი ასევე იყო წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის კოორდინატორი საქართველოში.

სუბარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში განხორციელებულ რამდენიმე სხვა საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას გიორგი კიკნაძე დაიკავებს, რომელსაც მანამდე გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. თავად გიორგი კიკნაძეს კი, ზვიად ლათიბაშვილი შეცვლის. სოზარ სუბარის განცხადებითვე, რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ ღურწკაია დიმიტრი დარბაისელმა ჩაანაცვლა. რაც შეეხება მიხეილ ღურწკაიას, სუბარის თქმით, ჯერჯერობით უცნობია რა თანამდებობას დაიკავებს იგი.

შეგახსენებთ, რომ სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა გასულ კვირაში დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად, სუბიექტური მიზეზების გამო მიიღო. ჯაფარიძის განცხადებით, "აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სამუშაო გარემოსთან და, მით უმეტეს, პოლიტიკასთან". მისივე თქმით, საქმიანობის გაგრძელებას საჯარო სამსახურში არ აპირებს.

კომენტარები