კიევის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა მოითხოვეს.
აქტივისტების მიერ შემუშავებული რეზოლუციის თანახმად, რომელიც შეკრებილებს მომღერალმა რუსლანამ წაუკითხა, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უგულვებელყო ხალხის ნება და ხელი არ მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ. შესაბამისად, მან და პრემიერმა ნიკოლა აზაროვმა თანამდებობები უნდა დატოვონ.
შემდგომი საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ევროპის საზოგადოებასთან დიალოგის მიზნით შეიქმნება ევრომაიდანის საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ექსპერტები, საზოგადოებრივი აქტივისტები, სტუდენტები და საპარლამენტო ოპოზიციიის წარმომადგენლები შევლენ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოპოზიციონერების მიმართ რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს.
აქცია მაიდანზე ისევ კვირას, 1 დეკემბერს შეიკრიბება, ამ აქციაზე შემდგომი გეგმები გახდება ცნობილი.





