სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულების 60-მდე თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ კომპლექსური სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა და 60-მდე პირს ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტები გამოუვლინდათ. ყველა მათგანს, დისციპლინური გადაცდომის გამო, შეეფარდათ დისციპლინური სახდელი - საყვედური.

"გენერალური ინსპექციის დასკვნით, აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა მათ მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. მათ ასევე უგულებელყვეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით, მოსამსახურის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და არყევს მოქალაქეების რწმენას საკუთარი სახელმწიფოსადმი", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ირაკლი კორძაიას განცხადებით, ვარდიძეს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წაუყენებენ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ზურაბ ვარდიძე.

კომენტარები