ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: პროკურატურა ვერც დარჩენილ სხდომებზე წარმოადგენს მტკიცებულებებს

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შეფასებით, პროკურატურა მის საქმეზე ღირებულ მტკიცებულებას ვერცერთ დარჩენილ სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგენს. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს.

"25 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "დასაქმების საქმეზე" ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მორიგი პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა: ეს მტკიცებულებები აუცილებელია იმის დასადგენად, რომ ნამდვილად გაიფლანგა ეს თანხა. რომ მოხდა ამომრჩეველთა მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში და, შესაბამისად, ეს არის ბრალდების მხარის მტკიცებულებები. რაც შეეხება მომდევნო სხდომებს, ჩვენ წარმოვადგენთ, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ და დოკუმენტურ მტკიცებულებებს. ისინი პირდაპირ ადასტურებენ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალეულობას", - მოიყვანა ვანო მერაბიშვილმა პროკურორის განცხადება. მისი შეფასებით, ამით ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ დღემდე დაკითხული 100-ზე მეტი მოწმიდან, ჯერჯერობით არცერთი არ ადასტურებს ვანო მერაბიშვილის ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას.

"შესაბამისად, გაუგებარია თუ რას ემსახურებოდა ქუთაისის სასამართლოში აქამდე გამართული წარმოდგენები. აგრეთვე გასარკვევია, თუ კიდევ რამდენი ჩვენი აქტივისტის თუ რიგითი მოქალაქის ტყუილად დაკითხვას გეგმავს პროკურატურა დარჩენილი 3 800-ზე მეტი მოწმიდან. ქალბატონი პროკურორი გვპირდება, რომ მხოლოდ მომდევნო სხდომებიდან ბრალდება დაიწყებს იმ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს ბრალს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს არის პროკურატურის სიცრუის გაგრძელება და დროის გაყვანის მორიგი მცდელობა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მომდევნო, ვერც იმის შემდგომ და ვერც სხვა დარჩენილ პროცესებზე პროკურატურა ვერ შეძლებს რაიმე ღირებული მტკიცებულების წარმოდგენას, მათი უბრალოდ არარსებობის გამო", - წერს ყოფილი პრემიერი.

ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ. უკვე დაკითხულია ასზე მეტი ადამიანი, სულ კი, დასაკითხთა სიაში 3 969 პირია.

თავად ვანო მერაბიშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრება. 

ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდში პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ასეულობით პირის პარტიული ნიშნით დასაქმებაში ადანაშაულებს.

კომენტარები