ბაჩო ახალაიას საქმე

ახალაია: 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურატურის საჩივრის განხილვა დაასრულა. შს ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ახალაიას განცხადებით, მისი ციხეში გამოკეტვა ემსახურება იმას, რომ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს. მისი თქმით, რაც ხდება, წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანიაა და მას არაფერი არ აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. 

"ერთი წლის განმავლობაში, ხუთჯერ დამაპატიმრეს. ჩემი მეგობრები იმიტომ აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, რომ ჩემთან ჰქონდათ კავშირი. აბსურდია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადახედვა ჩვენს დანაშაულს დაამტკიცებს, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს ადგილი უბრალოდ არ აქვს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრების კამპანია მიმდინარეობს. უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე მინისტრი. ჩემს საქმესაც ამ ჭრილში განვიხილავ. ჩემს მიმართ არსებული დაუსაბუთებელი, გაურკვეველი საუბრები რომ ისმოდა, ეს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ქმედებებიდან გამომდინარე ხდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე არავის დავუჭერივარ, ჩემი ფეხით ჩამოვედი ჩემს სამშობლოში. ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ ჩემი ქვეყნისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი და საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. მათ შორის არსებობდა შემზარავი კითხვებიც. თუნდაც სასამართლოზე", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და აღნიშნა, რომ "ბოლო პერიოდში კიდევ ერთი აბსურდული ბრალდება" წაუყენეს.

"ამის ერთადერთი მიზანია, რომ არსებულ კითხვებს პასუხი ვერ გავცე. მე მაქვს ვიწრო საშუალება კითხვებზე პასუხის გაცემისა. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რასაც ახორციელებს პროკურატურა. ვიცი, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც მართლმსაჯულებას შეესაბამება, მაგრამ 5, 10 თუ 20 წლის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ვინც ჩემი მეგობრების ხელოვნურად ჩასმას ცდილობს ციხეში ამის გამო პასუხს აგებს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და სასამართლოს მიმართა, რომ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მის და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. 

ე.წ. სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 4 დეკემბერს გამოაცხადებს. საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო. 

კომენტარები