ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობა

ენმ უკრაინასთან დაკავშირებით, პარლამენტს განცხადების გაკეთებას სთხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს განცხადების შემუშავებას სთხოვს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა აუცილებლად დასაგმობია.

„უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს განცხადება, რითაც გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთისთვის დარტყმის მთავარი ობიექტი საქართველო იქნება.

"აუცილებელია პრევენციული ზომების წინასწარ მიღება" - თქვა ბეჟაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია  ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე აღნიშნულ ინიციატივას დააყენებს. ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობაც გვერდით დაუდგება.

„ეს არ იქნება მარტო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ეს იქნება იმ პროცესების დაგმობა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

ამასთან დაკავშირებით, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გააპროტესტა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პარალელურად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ხელისუფლების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს. მონაწილეთა რიცხვი 10 000-ს აღწევს.

 

კომენტარები