ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობა

ბილდტი: რუსეთის ზეწოლით უკრაინა ევროკავშირზე უარს ამბობს

უკრაინის მთავრობა მოულოდნელად კრემლისაკენ გადაიხარა, ფაქტია რუსეთის მკაცრმა ზეწოლამ იმუშავა, - ასე გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესის შეჩერების შესახებ.

”უკრაინის მედიამ ამ დღეს ”შავი ხუთშაბათი” უკვე უწოდა, თუმცა, ჩვენ მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ. უკრაინის ეკონომიკა უკან მიიწევს, ამის გამოსწორება მძიმე იქნება მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ევროკავშირის ნაცვლად რუსეთისაკენ მიბრუნდა”, - წერს ბილდტი თავის ოფიციალურ Twitter-ზე.

Ukraine government suddenly bows deeply to the Kremlin. Politics of brutal pressure evidently works. http://t.co/IQSnb7Ifu7

— Carl Bildt (@carlbildt) November 21, 2013

 

უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა.

ამასთან, ევროკომისარი ფულე აღნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლის შედეგად მიიღო. "მიზეზების განხილვისას, რომელმაც უკრაინა აიძულა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, რთულია არ გაითვალისწინო რუსეთის მხრიდან უკრაინისკენ მიმართული ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლა", - წერს შტეფან ფულე თავის ოფიციალურ Twitter-ზე. უკრაინაში შტეფან ფულეს ჩასვლა დღეისთვის იყო დაგეგმილი. ევროკომისარს მოლაპარაკებები უნდა გაემართა უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა, ბრიუსელში ეხმიანებიან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მაია კოსიანჩიჩის თქმით, პროცესის შეჩერება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის წამგებიანია, რადგან შეთანხმების გაფორმებას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა შეეძლო.

”ეს იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისათვისაც. ბოლო თვეებში უკრაინა შორს მიმავალი რეფორმების გზას დაადგა და ჩვენ გვჯერა, რომ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ყველაზე ამბიციური შეთავაზება იყო ევროკავშირისა რომელიმე მესამე ქვეყნისათვის, გააძლიერებდა რეფორმების პროცესს. ის ასევე გაუგზავნიდა ნათელ სიგნალს ინვესტორებს და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ უკრაინა მოდერნიზაციისთვის სერიოზულადაა განწყობილი”, - განაცხადა მაია კოსიანჩიჩმა.

 

კომენტარები