ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობა

ბაქრაძე: უკრაინის გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, უკრაინის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმას ეხება, სპონტანური არ ყოფილა. როგორც ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს რუსეთის დიდი ხნის ზეწოლის შედეგია,

ბაქრაძის თქმითვე, მსგავსი საფრთხე ემუქრება საქართველოს არა ვილნიუსის სამიტამდე, სადაც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება, არამედ, შემდეგ - დოკუმენტის  ხელმოწერამდე პერიოდში. უმცირესობის ლიდერის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში უკრაინის მოვლენები არ განვითარდეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

ამასთან დაკავშირებით, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო. 100 000-ზე მეტი უკრაინელი დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა და რადას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გააპროტესტა. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა სამთავრობო შენობებთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ. საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა.

საპროტესტო აქციას კიევში უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოსახლეობაც უერთდება. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პარალელურად, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ხელისუფლების მხარდასაჭერი აქციაც მიმდინარეობს. მონაწილეთა რიცხვი 10 000-ს აღწევს.

 

კომენტარები