ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: შემცირდა დანაშაულის რეგისტრაცია და არა ჩადენილი დანაშაული

Reuters

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს-ს უკანასკნელ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის პირველ 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59% იყო. ყოფილი პრემიერის თქმით, ეს მკვეთრად აღემატება წინა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელს - 18.5%-ს.

"გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, ამავე პერიოდში 2013 წელს მოხდა დაახლოებით 24 000 დანაშაული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 31 000 იყო. მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება იყო შსს-ს პასუხი საზოგადოების იმ რეაქციაზე, რაც ციხეებიდან პატიმრების მასობრივ გათავისუფლებას და, შესაბამისად, კრიმინალის ზრდას მოჰყვა. ცნობისთვის, დაახლობით 15 000 ადამიანი გათავისუფლდა საპატიმროებიდან. შედეგად მივიღეთ ძალიან პარადოქსული სურათი - ციხეებიდან პატიმრების მასობრივმა გათავისუფლებამ დანაშაულის მაჩვენებელი კი არ გააუარესა, არამედ გააუმჯობესა კიდეც", - განაცხადა პრემიერმა და იკითხა, როგორ შეიძლება ამ ანომალიური მოვლენის ამოხსნა. მან ამისთვის ორ ვერსიაზე ისაუბრა.

"ვერსია 1 - აქამდე ციხეში მხოლოდ პატიოსანი ადამიანები ისხდნენ და როგორც კი ისინი "უკანონო" პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, არათუ უარი თქვეს თავად ჩაედინათ დანაშაული, არამედ სხვა გარეთ მყოფი კრიმინალებიც დაარწმუნეს, თავი შეეკავებინათ ამისგან. ჩემი განათლება და გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას ვირწმუნო ამ ვერსიის სანდოობა.

ვერსია 2 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ფურცელზე მაინც გაეუმჯობესებინა სიტუაცია და ამით შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი", - განაცხადა მერაბიშვილმა. მისი თქმით, შედეგად მივიღეთ ის, რომ შემცირდა დანაშაულის რეგისტრაცია (და არა ჩადენილი დანაშაული), შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

"საინტერესოა, რომელ ქვეყნებში ვაწყდებით დანაშაულის გახსნის ანალოგიურ მაჩვენებლებს. საილუსტრაციოდ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელთაც მსგავსი მაჩვენებლები აქვთ:

I ჯგუფი

- უკრაინა (2011 წელი) – 57%
- რუსეთის ფედერაცია (2012 წელი) – 54%
- საქართველო (2003 წელი) – 76%
- საქართველო (2013 წელი) – 59%

საინტერესოა, რომელ ჯგუფში იყო საქართველო 2012 წელს გახსნის "დაბალი“ მაჩვენებლით:

II ჯგუფი

- აშშ (2012 წელი) – 22,3%
- ჩეხეთი (2009 წელი) – 38%
- შვედეთი (2010 წელი) – 31%
- ნორვეგია (2010 წელი) – 29%
- საქართველო (2012 წელი) – 18.5%

სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა შევარდნაძე-თარგამაძის სტატისტიკას დაემსგავსა. დღეს ამ უწყებას სწორედ იმ ეპოქის საყრდენი მილიციელები - ტაბატაძე, ბედია და სხვები მართავენ", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. 

კომენტარები