ქართველი სამხედროები

პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, მოწინააღმდეგეს ბრძოლის სურვილი დავაკარგვინოთ

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-4 მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. მარგველაშვილის თქმით, მისთვის დიდი პატივია სამხედროებთან სტუმრობა და მათი დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ამაყობს ქართული ჯარით და ქართველ ხალხს სძინავს მშვიდად.

"თქვენი ღვაწლი სამშობლოსა და გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში ფასდაუდებელია. მეოთხე მექანიზებული ბრიგადა სამართალმემკვიდრეა პირველი ოპერატიული პოლკისა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე შეიქმნა. ამ შენაერთს უდიდესი სამხედრო გამოცდილება აქვს. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, იდექით და დგახართ სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში. მათ შორის, ISAF-ის მისიაში ავღანეთში. თქვენი სიძლიერე, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. თქვენი მხედრული მიღწევები ჩვენი ხალხისთვის საამაყოა", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა  მე-4 მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობას.

მან სამხედროებთან ერთად, მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ქართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში ფასდაუდებელია.

"ვაცხადებთ რა ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას ქვეყნის უცვლელ კურსად, ჩვენ მოვალენი ვართ, მუდმივად ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეიარაღებული ძალების მომზადების იმ დონეს, რომელიც ბრძოლის სურვილს დაუკარგავს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. მშვიდობა ჩვენი უმთავრესი პირორიტეტია, მაგრამ თუ სამშობლოს თუ დასჭირდა. ყველა ჩვენგანი მზად იქნება, თავი გასწიროს", - განაცხადა პრეზიდენტმა და გმირულად დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა. 

დღესვე, გიორგი მარგველაშვილმა მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ირაკლი კალანდაძეს საბრძოლო დამსახურებისთვის სახელმწიფო მედალი გადასცა. პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ამავე ბატალიონის პირადი შემადგენლობის კიდევ 15 სამხედრო.

 

კომენტარები