უკრაინა

უკრაინის რადამ „ტიმოშენკოს კანონი“ ისევ ჩააგდო

იულია ტიმოშენკო სასამართლო პროცესზე
Reuters

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე ჩააგდო ექვსი კანონპროექტი, რომელიც მსჯავრდებულთა საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ითვალისწინებდა და პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს ქვეყნიდან გამგზავრების საშუალებას მისცემდა. კენჭისყრაზე სათითაოდ დაყენებულ კანონპროექტებზე რეგიონების პარტიისა და კომუნისტების უმრავლესობა თავს იკავებდა.

ამით აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე ევროკავშირის მოთხოვნის შესრულების მესამე მცდელობა ფაქტობრივად ჩავარდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა არსენი იაცნიუკმა ქვეყნის პრეზიდენტი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ქვეყნის ღალატი კანონით მკაცრად ისჯება და ტიმოშენკოს შეწყალების აქტის ხელმოწერა მოსთხოვა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ვლადიმირ რიბაკმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ერთობლივი სამუშო ჯგუფი ახალ კანონპროექტს მოამზადებს, რომელიც მომდევნო სხდომაზე განიხილება.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, რადას სესიამდე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან შტეფან ფულესთან საუბრისას ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთახმებას არსებულ ვითარებაში ხელს ვერ მოაწერს. თუმცა, წყაროს ცნობით, ევროკავშირში მის განცხადებას საკითხით ვაჭრობის მცდელობად მიიჩნევენ.

თუ ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება, ტიმოშენკოს გათავისუფლების საკითხი ვერ მოგვარდა, ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

კომენტარები