ახალი მთავრობა

ღარიბაშვილი: უკლებლივ ყველა მინისტრი მუშაობას გააგრძელებს

მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ღარიბაშვილის თქმით, უკლებლივ ყველა მინისტრი პოსტს შეინარჩუნებს. მომავალი პრემიერის განცხადებით, მისი გუნდის წევრებმა გასული წლის მანძილზე, ძალიან კარგად იმუშავეს. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ასევე კარგად გააგრძელებს მუშაობას. მომავალი პრემიერი აღნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის თითოეულ წევრს კარგად ესმის საკუთარი პასუხისმგებლობა.

ცნობისთვის, მთავრობაში რამდენიმე ცვლილება მაინც განხორციელდება. შს მინისტრის პოსტს თბილისის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს. შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის შემცვლელად დაასახელა. ხოლო არჩილ კბილაშვილს მთავარი პროკურორის პოსტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე შეცვლის. 

საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატები არიან:  შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე; გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი; კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია; ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი; სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტები 19 ნოემბერს მოუსმენენ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი, კენჭი 20 ნოემბერს ეყრება.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ფიცის დასრულების წამიდან, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ის ახალი მოდელი, რომელიც 2010 წლიდან იქნა მიღებული და ამ წუთიდან პარლამენტიც ახალ რეალობაშია, პრემიერმინისტრიც და პრეზიდენტიც, თავისი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით. რაც შეეხება პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვის გრაფიკს: სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და ყველა კომიტეტი იმ მინისტრს შეხვდება, რომელთანაც კომპეტენციებით იკვეთება - ზოგიერთ მინისტრს ორ-სამ კომიტეტში მოუწევს მისვლა. სამშაბათსვე, დღის მეორე ნახევარში შედგება უმცირესობასა და უმრავლესობასთან შეხვედრები, უკვე ოთხშაბათს კი კენჭი ეყრება მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას”, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ კენჭისყრამდე დეპუტატებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს.

კომენტარები