გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

პეტრიაშვილი: ინაუგურაცია არ იქნება პომპეზური

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

პრეზიდენტის ინაუგურაცია არ იქნება პომპეზური ღონისძიება. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიება გაიმართება ყოფილი პარლამენტის ეზოში და ერთ-ერთი მთავარი ნაწილი შეიარაღებული ძალების კომპონენტი იქნება.

პეტრიაშვილის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში ისაუბრებს საგარეო პრიორიტეტებზე, არჩევნების შეფასებაზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ როლს ქვეყნის განვითარებაში. პეტრიაშვილის თქმით, მარგველაშვილის სიტყვა "ძალიან ბევრ ჩასაფრებულ პოზიციას გასცემს პასუხს".

როგორც სახელმწიფო მინისტრი ამბობს, არასაპარლამენტო ოპოზიციის დაპატიჟება ცერემონიალზე იმიტომ ვერ მოხდა, რომ საქართველოში 200-ზე მეტი რეგისტრირებული პარტიაა და ყველა მათგანს ვერ მოიწვევდნენ. მისთვის გაუგებარია, რის მიხედვით შეიძლებოდა ამ პარტიებიდან კონკრეტული პარტიების შერჩევა და სწორედ მათთვის ცერემონიალზე დასასწრები მოსაწვევის გაგზავნა. "მთავარი ოპოზიციური ძალა მოწვეული იყო და მათ უარი თქვეს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ოპოზიციის უარის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის სათავეში განსხვავებული ღირებულებების და მსოფლმხედველობის მქონე ძალის მოსვლა ვერ წარმოედგინა. "ჩვენ ქვეყანა ევროპისკენ მიგვყავს, მას სინგაპურისკენ მიყავდა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, ინაუგურაციის ხარჯები შემცირებულია და ამომრჩეველი, მთავრობის ბევრი მხარდამჭერი ცერემონიალს ვერ ესწრება.

კომენტარები