გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

ზაქარეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის მოსპობით ქვეყნის განვითარება დაჩქარდება

ტაბულა

მოისპო ნაციონალური მოძრაობა, ძალა რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით ნაციონალური მოძრაობა მთავრობასთან არ თანამშრომლობდა და მთავრობის მიერ ჩაფიქრებული რეფორმების განხორციელებას ხელს უშლიდა.

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა და საქართველოს ვულოცავ ამ დღეს. მთავარია, რომ ხელისუფლება გამთლიანდა და სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ანუ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ იქნება. საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლით უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება მთავრობას და პოლიტიკურ ძალებს. დღეს მოისპო ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიდა. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მთავრობასთან არ თანამშრომლობდა. ის რეფორმები, რაც ჩვენს მთავრობას აქვს ჩაფიქრებული, ახლა უფრო ჩქარა განხორციელდება" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები