პრეზიდენტის ინაუგურაცია

ფიქრია ჩიხრაძე: ხელისუფლება ორპარტიული ცხოვრების რეჟიმს გვთავაზობს

ახალი მემარჯვენეები

ახალი მემარჯვენეების ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი საკუთარი ნებით აცხადებს, რომ იქნება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი. ფიქრია ჩიხრაძემ დღეს, რეპორტიორის პრესკლუბში თქვა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა მიიწვიეს. როგორც ახალი მემარჯვენეების ლიდერმა აღნიშნა, ინაუგურაცია პოლიტიკური მნიშვნელობის აქტია და ახალი კონსტიტუციის პირობებში, პრეზიდენტს აქვს ფუნქცია, იყოს სხვადასხვა სახელისუფლო შტოს არბიტრი და გამაერთიანებელი.

"დემონსტრაციულად და ცოტა ცინიკურად მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას მიიწვევენ ინაუგურაციაზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი ორპარტიული ცხოვრების რეჟიმს გვთავაზობენ. ამ თვალსაზრისით კოჰაბიტაცია გრძელდება. სააკაშვილი თანამდებობრივად რომ მთავრდებოდა, ამას თუ გულისხმობდნენ კოჰაბიტაციის დასრულებაში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. გვთავაზობენ ორპარტიული მუშაობის რეჟიმს და ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ", - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციას არ იწვევენ. მოსაწვევები მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას ანუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს გაუგზავნეს. 

კომენტარები