ნიკა გვარამიას საქმე

კუბლაშვილი: გამამართლებელი განაჩენები არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა სუსტია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა სუსტია და სასამართლო დამოუკიდებელი. აღნიშნული უპასუხა ჟურნალისტების კითხვას - როგორ აფასებდა ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულებების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს და ხომ არ ნიშნავდა ეს, რომ პროკურატურა სუსტია.

"ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ თუნდაც სხვა ქვეყნებში გამამართლებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა ზოგან 5%-ია, ზოგან 6%, ზოგან - 4%. სულ ახლახანს ნორვეგიაში გახლდით, სადაც 6-6.5% აქვთ გამამართლებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა, რაც არ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა იქ ძალიან სუსტია. ჩვენთანაც იგივე ვითარებაა - 2012 წელში 7% გვქონდა გამამართლებელი გადაწყვეტილებების, ახლა გვაქვს დაახლოებით - 5%. თავად ერთი საქმე და იქ გამამართლებელი განაჩენი, თავისთავად არ ნიშნავს არაფერს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთ საქმეებზე მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებებით სასამართლო ძალიან მაღალ ნდობას და პრესტიჟს იძენს", - თქვა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ შეუძლია, დაასახელოს რამდენიმე დასაბუთებული გადაწყვეტილება, როდესაც პროკურატურამ კარგად იმუშავა და მის მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ ძალიან ობიექტურად განიხილა საქმე, რის შემდეგაც რამდენიმე წელი შეუფარდა კონკრეტულ ბრალდებულს. "ასეთი ძალიან ბევრი საქმეა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი და მათთან ერთად ბრალდებული პირები ყველა წარდგენილ ბრალდებაში გუშინ უდანაშაულოდ ცნო.

 

კომენტარები