2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

ხადური: ვცდილობთ, ძალიან კონსერვატიული ბიუჯეტი გავაკეთოთ

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ვცდილობთ, ძალიან კონსერვატიული ბიუჯეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ წელს გარანტირებული შემოსავლები მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე 2014 წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვისას განაცხადა.

ნოდარ ხადურის თქმით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 9 მილიარდი ლარი იქნება. ამ თანხის მობილიზებას ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო შემოსავლების, გრანტების, სხვა შემოსავლების და კრედიტების გარდა, სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებითაც გეგმავს. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, შიდა ვალის სახით, მთავრობა აპირებს 400 მილიონი ლარი აიღოს. "ჩვენ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე - 4.1%-ზეა ჩამოსული მაშინ, როცა 2012 წლის გაზაფხულზე 7.7% იყო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაუხარჯავი დარჩება დაახლოებით 350 მილიონი ლარი, რაც მომავალი წლის ბიუჯეტს თავისუფალი ნაშთის სახით გადაყვება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 260 მილიონი ლარით მეტი იქნება. ამასთან, როგორც ხადური ამბობს, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მხარჯავი დაწესებულებების მნიშვნელოვანი ზრდა არ იგეგმება, პირიქით, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება - გაიზრდება მხოლოდ იმ სამინისტროების დაფინანსება, რასაც მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს. ესენია: სოციალური სფერო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 5%. ინფლაცია უნდა იყოს - 3.5%. ამ მაჩვენებლებზე ჩვენ მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული მუშაობა საერთაშორისო ფონდების მისიებთან და ექსპერტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომლებიც ზოგადად ეკონომიკურ პროგნოზებზე მუშაობენ. ჩვენ ვგეგმავთ 5%-იან ზრდას, თუმცა მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ მომავალ წელს მინიმუმ 6%-იანი ზრდა იქნება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს EBRD-მა შეამცირა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც 2013, ისე 2014 წლისთვის. მის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2013 წელს - 2%-ით, ხოლო 2014 წელს - 4%-ით გაიზრდება. 

კომენტარები