პოლიციელის დაჭრა

საია: არასწორი იქნება კახა გულორდავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. საიას შეფასებით, არასწორი იქნება პოლციიელის დაჭრაში ეჭვმიტანილის კახა გულორდავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ასევე, ორგანიზაციის აზრით, სამართალდაცავებმა უნდა გაარკვიონ, გულორდავამ სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა (რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება), თუ სსკ-ის 121-ე მუხლით, რომელიც უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს. საია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელზე, ძალადობა აკრძალულია და ისჯება კანონით.

"როგორი მძიმე დანაშაულიც უნდა ჩაიდინოს სხვამ, არავის აქვს პირადი ანგარიშსწორებისა და დანაშაულის საპასუხოდ ახალი დანაშაულის ჩადენის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი რამ არ დაუშვას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კახა გულორდავას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს", - აცხადებს ორგანიზაცია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ადეკვატური და სამართლიანი რეაგირება ასევე გულისხმობს არა მხოლოდ გულორდავას, არამედ პოლიციის თანამშრომელ ანჩაბაძის ქმედებების სრულყოფილ, სწრაფ, მიუკერძოებელ გამოძიებას და, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, მის დასჯას კანონით გათვალისწინებული წესით. საიას განცხადებით, აუცილებელია, გამოძიების პროცესში გოგა ანჩაბაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.

"აღნიშნული საქმის გამოძიებისა თუ სასამართლოში საქმის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გულორდავას ქმედება იყო რეაქცია ანჩაბაძის მხრიდან არა მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივი ნორმების სრულ უგულებელყოფაზე; ასევე, გულორდავა თავად ჩაბარდა პოლიციას და აღიარა ჩადენილი. როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში "სსკ") 118-ე მუხლით. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ სსკ-ს 118-ე მუხლის ნაცვლად მოცემულ შემთხვევაში ხომ არ არის სხვა მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა. კერძოდ, სსკ-ს 121-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ..." სსკ-ს 121-ე მუხლი 118-ე მუხლთან შედარებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად არასწორი იქნება გულორდავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, "პატიმრობა, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: 
ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; 
ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა".

თუ გავითვალისწინებთ საქმის გარემოებებს და განსაკუთრებით იმას, რომ კ. გულორდავა ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და ჩადენილი დანაშაული აღიარა, ცხადი ხდება რომ პატიმრობის გამოყენება კანონით დადგენილ წესთან წინააღმდეგობაში მოვა.

საგულისხმოა, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, გულორდავას, ისევე როგორც მის ფეხმძიმე მეუღლეს, ესაჭიროება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რასაც პატიმრობა მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც 118-ე, ასევე 121-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებიან და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქ სასჯელთა სახეებსაც ითვალისწინებენ", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე 12 ნოემბერს, დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა მას ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილ პოლიციელს ზუგდიდის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქუთაისში გადაიყვანეს. 

პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავა იმავე დღეს დააკავეს. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). არსებული ინფორმაციით, პატრულის დაჭრილი თანამშრომელი ეჭვმიტანილის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა. 

"პატრულის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დადგენილია თუ ვინ სცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ეს მისი მეჯვარეა. რაც შეეხება ვერსიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვერსიაზე, რომელიც უკავშირდება პატრულის მიერ მისი მეგობრის ცოლის გაუპატიურებას. როგორც ვიცით, არსებობს დაზარალებულიც და მოწმეებიც. რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ეს ასე იყო, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება", - თქვა გიორგობიანმა.

კახა გულორდავა დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ზუგდიდის სამმართველოსთან რამდენიმე აქცია გამართეს და გამოძიების დასრულებამდე, გულორდავას გათავისუფლება მოითხოვეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო, გულორდავას ორსული მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

კომენტარები