პოლიციელის დაჭრა

ქეთევან წამებულის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ექიმი

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის თქმით, ქეთევან წამებულის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"პაციენტის გადმოცემით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კისრის არეში ნაკვეთი ჭრილობა მიაყენეს. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება და რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.

ამ ეტაპზე, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 7-8 სმ-იანი ჭრილობა იყო, თუმცა, ის გავუკერეთ. საძილე არტერიასთან ახლოს იყო და მაინც არსებობდა იმის საფრთხე, რომ ცუდი რამ მომხდარიყო". - თქვა ექიმმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბრის დროს. 

შსს-ს განცხადებით, დააკავეს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. შემთხვევა 5 ოქტომბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა.

ბრალდებული სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი  - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კომენტარები