საქართველოს მოქალაქეობა

სააკაშვილი: არ ვაპირებ, განურჩევლად ყველა უცხოელს მივანიჭო მოქალაქეობა

www.chveniambebi.info

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა არ გაწყვიტონ თავის სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირი. სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"ვნახე პრეზიდენტის სასახლესთან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა დიდი რიგი. ყველა ამ პროცესით დაშინებულს მინდა ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, განურჩევლად ყველა უცხოელს საფუძვლის გარეშე მივანიჭო მოქალაქეობა. მე მაქვს მკაცრი კრიტერიუმები და ადამიანს მკვეთრად გამოხატული საფუძველი და საქართველოსთან კავშირი უნდა გააჩნდეს ქართული პასპორტის ასაღებად. როგორც წესი, ეს ეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებს. ამავე დროს, მინდა, ყველა დაფიქრდეს, 2004-ში ჩვენ ჩავიბარეთ საქართველო, რომელშიც გრძელი რიგი იდგა მოქალაქეობიდან გასვლის მსურველების. მსოფლიოში პატარა უმცირესობაა იმ ქვეყნების, რომელთა მოქალაქეობა სასურველი და სანატრელია და ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების რეფორმებისა და ცვლილებების შედეგად, ამ ქვეყნების რიგში მოხვდა. ჩვენ ვიბრუნებთ ქართველებს 2004-დან 2012 წლის ჩათვლით. ყველა წელს გარდა 2008-ისა, ჩვენ გვქონდა მიგრაციის პოზიტიური სალდო, ე.ი. მეტი ადამიანი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე დატოვა იგი. საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა. ვისაც ეს არ სჯერა, შეუძლია მივიდეს ჯერ კიდევ პრეზიდენტის სასახლესთან და ნახოს ის ხალხი, ვისაც ამის ნამდვილად სჯერა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს პოზიტიური იმიჯი და მიმზიდველობა არ დავკარგოთ", - აცხადებს მოქმედი პრეზიდენტი.

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების მიღება გუშინ, 18:00 საათზე შეწყდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, განცხადებების მიღების შეწყვეტის მიზეზი მსურველთა დიდი რაოდენობა და დროის სიმცირეა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მსურველთა განცხადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყო. წინა დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს გაუგებარ უარს ეუბნება. ადმინისტრაციამ მოუწოდა მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს პრაქტიკა შეცვალონ. 

კომენტარები